Monday, May 23, 2011

13 კვირა როლანდ ახალაიასთან შეხვედრის მოლოდინში



გალის მკვიდრის, 32 წლის მალხაზ არქანიას მეუღლე და და, საოლქო პროკურორთან, როლანდ ახალაიასთან შეხვედრას 13 კვირაა ითხოვენ. ისინი საოლქო პროკურატურასთან დღესაც დიდხანს იდგნენ და ელოდნენ. მათი ერთადერთი მოთხოვნა პროკურატურის საპროცესო გარიგებაზე დათანხმებაა. მალხაზ არქანია, მიმდინარე წლის, 5 თებერვალს, ენგურის ხიდზე დააკავეს. ზუგდიდის რაიონული სასამრთლოს მიერ, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის მისჯილ 7-წლიან პატიმრობას, ის, ამჟამად, გლდანის საპყრობილეში იხდის. -“დედა ახლახან გარდაგვეცვალა და ჩემი ძმა საფლავის ქვის შესაძენად იყო გადმოსული. ის დილის ათის ნახევარზე დააკავეს. ზუგდიდის სამმართველოდან, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე კი ღამის ცხრა საათზე წაიყვანეს, სადაც ნარკოტიკების მოხმარება დაუმტკიცდა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საპროცესო გარიგებას ვითხოვთ. უკვე მეცამეტე ორშაბათია აფხაზეთიდან გადმოვდივარ და როლანდ ახალაიასთან უშედეგოდ ვითხოვ შეხვედრას,”- აცხადებს არქანიას და, ნინო არქანია.

მისი თქმით, თავდაპირველად, სახაზინო წესით აყვანილმა ადვოკატმა მალხაზ არქანიას ურჩია დანაშაული ეღიარებინა, რის შემდეგაც, საპროცესო გარიგების მიღწევა უფრო ადვილი იქნებოდა. _ ”სახაზინო ადვოკატმა გვირჩია, სჯობს აღიაროს, თორემ უფრო მეტს მიუსჯიანო. აღიარების შემთხვევაში, საპროცესო გარიგება ადვილიაო,”- ამბობს ნინო არქანია, რომელიც ადვოკატის ვინაობის გამხელისაგან, ამ ეტაპზე, თავს იკავებს.მისი თქმით,მის ძმას ფაქტობრივად ჩაუდენელი დანაშაული აღიარებინეს, რომლის სანაცვლოდ დაპირებულ საპროცესო შეთანხმებაზეც უარი უთხრეს.

საოლქო პროკურორს მიღება ყოველ ორშაბათს აქვს. მსურველებს წინასწარ ჩაწერენ, პროკურორს მოახსენებენ და სამუშაო დღის ბოლომდე, ვისაც მოასწრებს, იღებს,ამის შესახებ პროკურატურის კანცელარიაში განგვიცხადეს. არიან თუ არა არქანიები ჩაწერილი მიღებაზე ვერ გვიპასუხეს. „ეს იმათ იციან, ვინც ხალხს სიაში წერს.კანცელარიას არავინ არაფერს ეკითხება,“- განაცხადა კანცელარიის თანამშრომელმა, ქალბატონმა ნანამ და რეგისტრაციის მწარმოებელთა დასახელება არ მოისურვა. დეტალების დასაზუსტებლად, მან ორშაბათს საოლქო პროკურატურაში მისვლა გვირჩია.

ნინო არქანია კი აცხადებს, რომ პროკურატურის სარეგისტრაციო ჟურნალში, თარიღების მიხედვით, არა ერთი ჩანაწერი არსებობს. -"რეგისტრაციას ჩვეულებრივად გავდივარ, იწერენ პირადობის ნომერს, ვინაობას და თხოვნას.დღის ბოლოს კი მეუბნებიან,შემსვლელთა სიაში ვერ მოხვდითო. ვერ გავიგე, თვითონ ამბობს უარს, თუ არც ეუბნებიან ჩვენს შესახებ. იქ შესული და უკან უკმაყოფილოდ დაბრუნებული არავინ მინახავს, მაგრამ მასთან ვერაფრით შევაღწიე. ალბათ, ვირაც იმათი დანაშაულის დასაფარვას ცდილობს, ვინც ჩემი უდანაშაულო ძმა ციხეში ჩასვა,“-განაცხადა ნინო არქანიამ „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას.


სოფო ხუბულავა
ნინო თუნთია

No comments:

Post a Comment