Monday, May 23, 2011

პოლიციის მიერ გაკონტროლებული ფოთის ავტოსადგური



"თავისუფალი სიტყვა" შეეცადა ოპოზიციის მიერ, რეგიონებიდან საკუთარ მხარდამჭერთათვის შექმნილ შეფერხებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გადამოწმებას და ფოთის ავტოსადგურს ესტუმრა.ერთ-ერთმა დისპეტჩერმა,კონფიდენციალობის გარანტიით გაგვიმხილა, რომ ფოთის ავტოსადგურის თანამშრომლები სამართალდამცავებმა გააფრთხილეს,თბილისის მიმართულებით გასასვლელად მზად მყოფ მიკროავტობუსების მგზავრებს ფოტოები გადაუღონ ისე, რომ კადრში ყველა მგზავრი ჩანდეს.

-„კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი იყო მოსული, დამავალა სურათი ყველა „მარშუტკისთვის“ გადამეღო, ჯერ გარედან, ხოლო მერე ხალხით შევსებულისთვის.თუ ვინმე შევნიშნე საეჭვო,-აქციაზე წამსვლელი, პოლიციელს უნდა დავურეკო. რა ვქნა, ასე რომ არ მოვიქცე სამსახურს დამატოვებინებენ,“- გვითხრა მან და გვიჩვენა ფურცელი, სადაც პოლიციელის ტელეფონის ნომერი ეწერა. დისპეტჩერი ნომრის ამოწერაზე არ დაგვთანხმდა, მაგრამ თვალი, ბოლოში ლურჯი კალმით ჩანიშნულ სახელს - „გელას“ მოვკარით. როგორც მან გვითხრა, 20 მაისიდან დღემდე „საეჭვო არავინ შეუნიშნავს“ და პოლიციაც არ გამოუძახებია.

პოლიციისგან მიღებული კიდევ ერთი დავალება, რაც მან უნდა შეასრულოს, მძღოლებისგან ინფორმაციის მიღებაა, „უნდა გავიგო მძღოლებს ვინმესგან კერძო შეკვეთა ხომ არ მიუღიათ, თბილისში ოპოზიციის მხარდამჭერების ტრანსპორტირებაზე,“- გვითხრა დისპეტჩერმა და ფოტოაპარატისა და დიქტოფონის შენახვის შემთხვევაში, ჩვენთან ერთად, მძღოლებთან გასაუბრებაზეც დაგვთანხმდა.

დისპეტჩერმა ათამდე მძღოლი შემოიკრიბა: „ჰე, აბა, რა ხდება მაგ ამბავზე? ხომ ყველაფერი ისევ ისეა? ვინმესთვის ოპოზიციას თბილისში ხალხის წაყვანა ხომ არ უთხოვია?"-მიმართა მათ.
- უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, ისევ იკითხა, „ჩვენ ხომ არავის არ გავუფრთხილებივართ, რომ ხალხი თბილისში არ წავიყვანოოთ?“, „არა!“- იყო პასუხი. მერე მივიდა თბილისის მიკროავტობუსთან, შიგ შეიხედა და მგზავრებს კითხვები დაუსვა: „რა ხდება? თბილისში რატომ მიდიხართ?“ გაარკვია, რომ ზოგი საავადმყოფოში, ზოგი ახლობლის მოსანახულებლად, ზოგი ფინანსთა სამინისტროში, საქმეზე მიდიოდა. მგზავრებმა, ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე: რაიმე დისკომფოტს ან უფლების შელახვას ხომ არ გრძნობენ მსგავსი კითხვების დასმისას, გვიპასუხეს, რომ ისინი აცნობიერებენ დღეს შექმნილ მდგომარეობას და თავს ვალდებულად თვლიან,უპასუხონ. მათ გაღიზიანება ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე უფრო გამოხატეს, ვიდრე დისპეტჩერის, რომლის თქმითაც,მსგავს შემოვლას ის დღეში რამდენჯერმე აკეთებს, ავტოსადგურიდან თბილისის მიმართულებით, რეისი დღეში სამჯერ სრულდება. ამჟამად, სალაროში ბილეთები წინასწარ არ იყიდება.

რატომ ინტერესდება მოქალაქეების გადაადგილების მარშრუტით პოლიცია და რა ზომებს მიმართავს, თუკი მიკროავტობუსით აქციაზე წამსვლელის შესახებ შეატყობინებენ?

ფოთის მორიგე პოლიციელები სატელეფონო საუბრებში ერთი პასუხით შემოიფარგლნენ: - „მე არაფერი ვიცი“
“თავისუფალი სიტყვა“ შეეცადა პოლიციელი გელას დადგენას. როგორც გავარკვიეთ, ფოთის კრიმინალურ პოლიციაში, სამი პოლიციელი მუშაობს, რომლებსაც აღნიშნული სახელი ჰქვიათ: გელა კვაშილავა, გელა ჭანტურია, გელა შენგელია. თითოეულ მათგანს ტელეფონით ვესაუბრეთ. მათ ავტოსადგურის თანამშრომლების გაფრთხილების შემთხვევა უარყვეს.

ამის შემდეგ, ჩვენ ისევ დავბრუნდით ფოთის ავტოსადგურზე, შევეცადეთ გაგვერკვია, ხომ არ მოხდა პოლიციელთა მხრიდან დისპეტჩერზე რაიმე სახის ზეწოლა, მაგრამ ის იქ არ დაგვხვდა და ტელეფონით დაკვუკავშირდით. აღელვებულმა დისპეტჩერმა გვიპასუხა: "არ დამირეკოთ და ტელეფონზე არაფერი მკითხოთო" და გათიშა.

იზა სალაყაია

No comments:

Post a Comment