„თავისუფალ სიტყვასთან“ საუბარში ზუგდიდის საკრებულოს უმრალესობის წევრებმა 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი შეფასებები გააკეთეს. საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან კონჯარიამ მოკლე შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ „ ვისაც საქართველოს დაშლა–დაქუცმაცება უნდა, უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება პოლიციის ქმედებას ეს იყო ზომიერების ფარგლებში განხორციელებული ქმედება.“
„ეს არ იყო 26 მაისის აქციის დარბევა. მათ 25 მაისს ამოეწურათ დრო. ხოლო 25–ში აქციის დაშლა მოხდა კონსტიტუციის ფარგლებში. იქ არ იყო დარბევა და ეს ტელევიზიითაც ვნახეთ. ყველაფერი ზომიერების და კანონიერების ფარგლებში მოხდა. რაც შეეხება მსხვერპლს, რომელიც ამ აქციას მოყვა არ იყო მთავრობის მხრიდან დაგეგმილი. ეს უბედური შემთხვევა იყო, რომელიც იმ ხალხისგან მოხდა. მე მათ ოპოზიციას არ ვეძახი, უბრალოდ ხალხი, რადგან ისინი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებდნენ.“-ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გრიგოლ სხულუხია.
საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატის, ბესიკ ფიფიას თქმით, პოლიციამ ძალას გადაამეტა, მაგრამ კანონის ფარგლებში, ის ვალდებული იყო სათანადო ზომები გამოეყენებინა. „25–ში აქცია სანქცირებული იყო, მაგრამ მათ მოინდომეს საქართველოს დამოუკდებლობის დღის ჩაშლა და ეს არის ამაზრზენი ფაქტი. სკამის გულისთვის სამშობლოს ინტერესების უკუგდება გაუმართლებელია. ის ადამინები, ვინც აქციაზე იმყოფებოდნენ იყვნენ შეცდომაში შეყვანილები. მეც ბევრი რამ არ მომწონს ამ ქვეყანაში რაც ხდება, მაგრამ არანაირად არ შევეცდები, რომ ჩემი მტრის დახმარებით რაღაცეები მოვახდინო ჩემსავე ქვეყანაში.“-განაცხადა ფიფიამ.
„თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის წარმომადგენელი, გია ალასანია 26 მაისს მომხდარ შემთხვევაზე ამბობს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ წინაღმდეგი არიან ყოველგვარი აქციების და რევოლუციების მოწყობის და ამ გზით ხელისუფლების შეცვლის. „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარტიამ გააკეთა ოფიციალური განცხადება და ამ ქმედებას ქვეყნისთვის უპერსპექტივო ნაბიჯი უწოდა. თუმცა თანაგრძნობას ვუცხადებთ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა. ჩვენ ხელისუფლებას მოვ უწოდებდით, რომ არ გამოეყენებინა ძალა ადამიანების მიმართ.“-ამბობს ალასანია.
მისი თქმით, არის მეორე მხარე, შეიძლება დემონსტრაცია დაიშალოს და დემონსტრანტები არ დაისაჯოს. აქ უბრალოდ საუბარია დემონსტრანტების დასჯაზე. თუმცა როდესაც არის ხელკეტები და სხვა საშუალება, ალბათ ხელისუფლებამაც ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს, მაგრამ გადამეტებას ადგილი არ უნდა ქონდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ძალის გადმეტებას ადგილი აქვს. ჩვენმა პარტიამ მოითხოვა რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია და გამოძიებულ იქნას თუ რა იყო გადმეტებული ხელისუფლების მხრიდან.რამდენად იქნება ეს საკითხი მიღწეული პარლამენტში ეს უკვე უმრავლესობის გადასაწყვეტია.“- გვითხრა ალასანიამ.
„ქრისტიან დემოკრატების“ ზუგდიდის ბიუროს ხელმძღვანელი კახა სალია აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მომხდარზე, ორივე მხარეს ეკისრება. „ის, რომ ძალის გადამეტებასთან გვაქვს საქმე თავისთავად ცხადია. გვყავს დაკარგულები, დაშავებულები და მსხვერპლიც გამომდინარე აქედან მინდა ვთქვა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება იყო.“ რაც შეეხება „ქრისტიან დემოკრატებს“, სალიას თქმით – „ჩვენ აქციაში არ ვმონაწილეობდით, გამომდინარე იქიდან, რომ მოძრაობა ოთხი წელია არსებობს და ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული პროგრამა და გეგმა, თუ რა გზით უნდა ვიაროთ და როგორ შევცვალოთ ეს ხელისუფლება.“
ლორა ქობალია
No comments:
Post a Comment