Tuesday, May 31, 2011

ფოთის მერი კვლავ გაურკვეველ ინვესტიციებზე საუბრობს



ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „თავისუფალი სიტყვა“ ქალაქში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებით დაინტერესდა.
ქალაქში ინვესტორების შემოსვლისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელბის შესახებ განცხადებებს ადგილობრივი ხელისუფლება წლებია აკეთებს. ფოთში, ინვესტიციების განხორციელებისა და სამუშაო ადგილების შექმნაზე დაპირებები 2005 წელს, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის დღიდან დაიწყო. კონკრეტული კომპანიები და საინვესტიციო ჯგუფი არ სახელდებოდა, მხოლოდ ქალაქით დაინტერესებული კვიპროსელი, ჩინელი, არაბი, უკრაინელი და თურქი ინვესტორების შემოსვლაზე და სამრეწველო- მეტალურგიულ ქარხნების მშენებლობაზე საუბრობდნენ. თუმცა რეალურად არცერთი პროექტი არ განხორცილებულა.
მერმა, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, კონკრეტული საინვესტიციო პროექტებისა და კომპანიის შესახებ არ უპასუხა. მან მხოლოს ის აღნიშნა, რომ ნაბადის უბანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება.
ქარხნის მშენებლობის მიზნით საინვესტიციო ჯგუფის ფოთში ჩამოსვლის თაობაზე, მერმა ჟურნალისტებს პირველად მარტის თვეში გამართულ პრესკონფერენციაზე აუწყა. მერის იმდროინდელი განცხადებით, ინვესტორების ჩამოსვლა 7 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა დღემდე არავინ ჩამოსულა.

რომელი კომპანია გეგმავს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას, არის თუ არა ტერიტორია შერჩეული და ვისთან აწარმოებენ ინვესტორები მოლაპარაკებას? - ლემონჯავამ მოკლედ უპასუხა: "საუბარია შვეიცარიულ საინვესტიციო ჯგუფზე, ეს არ არის კომპანია, ბიზნესმენებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ქარხნის ასაშენებლად ქალაქში 40 ჰა მიწის ნაკვეთის შეძენას გეგმავს. ახლა ამ ადამიანების სახელი და გვარი რომ ვთქვა, რას გეუბნებათ?“ - განაცხადა ლემონჯავამ.

იზა სალაყაია

No comments:

Post a Comment