Monday, May 9, 2011

9 მაისის ღონისძიებისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა




ფოთში, 9 მაისს გასამართი ღონისძიების ჩატარებაზე გამოცხადებული ტენდერი, ფოთის მერიამ არშემდგარად გამოაცხადა. სატენდერო პირობები, ომში დაღუპულთა მემორიალზე კონცერტს და რესტორანში სადილს ითვალისწინებდა. მსურველს 3500 ლარად 45 წუთიანი კონცერტი, სადილი 60 კაცზე, ყვავილები და ტრანსპორტი უნდა უზრუნველეყო.
ფოთის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის, სულხან თოლორდავას განმარტებით, ტენდერის ჩაშლის შემდეგ, ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ფოთის მერიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე, ხელშეკრულება ერთ-ერთ ფირმას გაუფორმა, რომლის დეტალები უქმეების გამო, ჩვენთვის უცნობი დარჩა.
საბოლოოდ, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალზე დაგეგმილი საზეიმო კონცერტი აღარ გამართულა.დილით, მემორიალის გვირგვინებით შემკობის შემდეგ, ფოთის მერიამ, 51 ფოთელი ვეტერანი საიალქნო კლუბში გამართულ სადილზე მიიწვია. ვეტერანებმა 130-130 ლარი ფოთის მერიისაგან, ხოლო ომში მონაწილე, ნავსადგურის ყოფილმა თანამშრომლებმა, ნავსადგურისაგან დამატებით - 200 ლარი მიიღეს.
P.S. გასულ წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე სამიოდ კვირით ადრე, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სამოცამდე ვეტერანი საიალქნო კლუბში მიიწვია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 456 ლარი მხოლოდ სადილზე დახარჯა.

No comments:

Post a Comment