
აფხაზეთის ოპოზოციური მედია, გასულ კვირას აფხაზეთის მართლმადიდელური ეკლესიისათვის ისტორიულს უწოდებს. ამის მაგალითად კი, საბერძნეთში, აფხაზi სასულიერო პირის, მამა დოროფეისათვის არქიმანდიტრის წოდების მინიჭება მოჰყავთ. ეროვნებით აფხაზი, არქიმანდიტრი დოროფეი(დბარი) აფხაზეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში რეფორმების ერთ-ერთ განმახორციელებლად ითვლება. ის, ღიადაა დაპირისპირებული აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ე.წ თავთან, მამა ბესარიონ აპლიასთან.
დაპირისპირების მიზეზი აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის არსებობა-არარსებობის საკითხია. მამა ბესარიონ აპლია აცხადებს, რომ ავტოკეფალიის მომხრეა, თუმცა საკითხის გადაჭრა ნაუცბათევად შეუძლებელია და თანდათან უნდა მოგვარდეს.
არქიმანდიტრი დოროფეი კი მიიჩნევს,რომ ბესარიონ აპლია რუსეთის ფედერაციის მართლმადიდებლურ ეკლესიას ემორჩილება და აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალია არ აწყობს. მისივე განცხადებით, აფხაზეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1775 წელს ერთხელ უკვე დაკარგა და ამის ხელმეორედ განმეორებას არ დაუშვებს.
ბესარიონ აპლია არქიმანდიტრ დოროფეი დბარს და მის გუნდს თვითმარქვიებად მოიხსენიებს და ერის ღალატში სდებს ბრალს, თუმცა შესაბამისი მტკიცებულებები ჯერ არ წარმოუდგენია.
ბესარიონ აპლიას, ღიად კიდევ ერთი სასულიერო პირი უპირისპირდება. ახალი ათონის მონასტრის წინამძღვარი, ანდრეი ამპარი, გაზეთ „აფხაზეთის ექოს“ ფურცლებზე მას დაუფარავად აკრიტიკებს და რუსეთის ემისარს უწოდებს. ამპარის განცხადებით, აპლიას ე.წ აღზევება იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ქართველმა სასულიერო პირებმა აფხაზეთის ტერიტორია იძულებით დატოვეს. აპლიამ კი შემთხვევით ისარგებლა და აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიის თავის წოდება მიისაკუთრა. ანდრეი ამპარის განმარტებით, ბესარიონ აპლიას თამამად შეიძლება თვითმარქვია ეწოდოს.
გუშინ, დღის 17 საათზე, სოხუმში არქიმანდიტრმა დოროფეიმ და ახალი ათონის წინამძღვარმა, ანდრეი ამპარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად, პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს დაპირისპირების მიზეზებზე და 15 მაისს, ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსში საერთო კრება დანიშნეს. კრებას როგორც სასულიერო,ისე საერო პირებ დაესწრებიან. შეხვედრაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებიც მიიწვიეს.
სასულიერო პირების განცხადებით, ამ კრებაზე უნდა გადაწყდეს აფხაზეთის ავტოკეფალიის საბოლოო საკითხი, კიდევ ერთხელ, უარი უნდა ეთქვას რუსეთს აფხაზეთის შინაურ საქმეებში ჩარევაზე, მითუმეტეს თუ საქმე მართლმადიდებლურ ეკლესიას ეხება. ისინი იმედოვნებენ,რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.
მალხაზ ბასილაია
რადიო ათინათი
No comments:
Post a Comment