

აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მწვავდება. ეკლესიის წინამძღოლი ბესარიონ აპლია და არქიმანდრიტი დოროფეი პირველობისათვის იბრძვიან.
დღეს დილით, აფხაზურმა ტელესტუდია „ასარკამ“ათონის მონასტერში გამართული კრების ამსახველი კადრები გაავრცელა. 15 მაისს, ახალი ათონის მონასტერში საეკლესიო-საერო სხდომის მონაწილეებმა აფხაზეთის ეკლესიის ეპისკოპოსი აირჩიეს. კენჭისყრის 1000-მდე მონაწილიდან 562-მა, მხარი არქიმანდრიტ დოროფეის დაუჭირა. აფხაზეთის ეკლესიის ამჟამინდელ წინამძღოლს, ბესარიონ აპლიას კრებაში მონაწილეობა არ მიუღია. მისი თქმით, გუშინდელ შეკრებას აფხაზეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არავითარი კავშირი არა აქვს.
ტელესტუდიის მიერ გავრცელებული მასალა გამომსვლელთა სიტყვებიდან ნაწყვეტებს შეიცავს, რომელშიც გამომსვლელები აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობასა და შეკრების მნიშნვნელობაზე საუბრობენ.
მამა დავითის(საქანია) თქმით, ვერც რუსული მართლმადიდებლური ეკლესია და ვერც ნებისმიერი სხვა ეკლესია, ვერ უწოდებს ჩვენს საეკლესიო-საერო შეკრებას ანტიკანონიკურს ან ღვთის ნების წინააღმდეგ მიმართულს. ეპისკოპოსმა დოროფეიმ კი შეკრებილთ ასე მიმართა: „დღეს აფხაზეთის ეკლესიის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. არასოდეს უნდა შეგვეშინდეს ხალხის აზრის, საკუთარი აზრის და იდეების ღიად გამოხატვის, ესაა სწორი გზა. აფხაზეთის ეპისკოპოსის საკითხს, აფხაზეთის ეკლესიის სტატუსის საკითხს და ამ ყველაფრის მოგვარებას, წლები და უზარმაზარი შრომა დასჭირდება, უბრალოდ, აუცილებელი იყო ეს ყველაფერი ოდესმე დაგვეწყო. დაე, დღევანდელი დღე იყოს დასაწყისი!“
შეკრებას მამა ბესარიონ აპლია გამოეხმაურა, მას „კომკავშირული“ უწოდა და დოროფეი და მისი თანამოაზრეები ეკლესიაში განხეთქილების ჩამოგდებაში დაადანაშაულა.
აფხაზი სასულიერო პირები დაპირისპირებას უკვე აღარ მალავენ. ჯერ კიდევ, 7 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, არქიმანდრიტმა დოროფეიმ, ბესარიონ აპლია აფხაზური ეკლესიის პირველი პირის წოდების მიტაცებაში დაადანაშაულა. მას „თვითმარქვია“ და „რუსეთის ემისარი“ უწოდა. თავის მხრივ, ბესარიონ აპლია მამა დოროფეის და მის თანამოაზრეებს ერის ღალატში ადანაშაულებს.
No comments:
Post a Comment