Wednesday, May 11, 2011

შვიდი თვე გარემოს დაცვის სამინისტროს პასუხის მოლოდინში

ზუგდიდში, გორის ქუჩაზე ე.წ. „გეოლოგების კანტორაში“ მცხოვრები დევნილები ერთი წელია ეზოში ნაძვის ხეების მოჭრას ან „გადაბელვას“ უშედეგოდ ითხოვენ. მათი თქმით, ხეები შენობაში მცხოვრებ ადამიანებს საფრთხეს უქმნის. გასული წლის მაისში, ძლიერი ქარის დროს წაქცეულმა ნაძვმა შენობის სახურავი ჩაანგრია. დღემდე ორი ოჯახი ოთხი მცირეწლოვანი ბავშვით, პოლიეთილენით გადახურულ სახლში ცხოვრობს. მსუბუქად დაშავდა ხის ტოტებქვეშ მოყოლილი 13 წლის მოზარდი. რომელიც გადატანილი შიშის შემდეგ, ქარიან ამინდში ნათესავებთან აფარებს თავს.
მომხდარის შემდეგ დევნილებმა ხეების მოჭრის ან „გადაბელვის“ მოთხოვნით ზუგდიდის გამგეობას მიმართეს. გამგეობის პასუხიდან გაირკვა, რომ ობიექტი კერძო მესაკუთრეს, სააქციო საზოგადოება „საქბურღგეოთერმიას“ ეკუთვნის და კერძო ტერიტორიაზე ხეების მოჭრა გამგეობის პრეროგატივა არაა.
„თუ გარემოს დაცვის სამინისტროდან გექნებათ ოფიციალური ნებართვა, წინააღმდეგი არ ვართ მოჭრათ ხეები, რომელიც საშიშროებას უქმნის შენობას, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ“- „საქბურღგეოთერმიას“ ხელმძღვანელობისაგან ამ პასუხის მიღების შემდეგ, დევნილებმა სამინისტროსაც მიმართეს.
„მეშვიდე თვეა გარემოს დაცვის სამინისტროსაგან პასუხს ველოდებით. ეს ხეები მოგვაშრონ და ცელოფნით გადახურულში კი არა გარეთაც დავიძნებთ. ბავშვების სიცოცხლეს არ დაემუქროს საფრთხე და არაფერი გვინდა“-განაცხდა შენობაში მცხოვრებმა ნინო სანაიამ.
ამ შვიდი თვის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ, გარემოს დაცვის ინსპექცია, ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. შესაბამისად, დევნილების კითხვების ადრესატი ახლა უკვე ენერგეტიკის სამინისტროა.
გარემოს დაცვის ინსპექციაში განმარტავენ, რომ თუ მცენარე წითელ ნუსხაში არაა შეტანილი და მას კანონი არ იცავს, მესაკუთრეს მის მოსაჭრელად ნებართვა არ სჭირდება. აუცილებელია, მხოლოდ ადგილობრივი გამგეობის დასტური, რომ ხე საკუთარ ტერიტორიაზე მოჭრა და არა სატყეო ფონდში.
არის თუ არა ხსენებული ხეები წითელ ნუსხაში დაცული სახეობა? ზუგდიდის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, გია ცანავა ამბობს, რომ ამის დასადგენად დევნილებმა გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ. უწყებას, რომლის პასუხსაც ორი ოჯახი რამდენიმე თვეა ელოდება.
„18 წელია გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ, ამ ლოდინში ჩვენ ცხოვრებას უფრო ტრაგიკულს ნუ გახდიან“- დახმარებას ითხოვენ დევნილები.




სოფო ხუბულავა

No comments:

Post a Comment