Wednesday, May 25, 2011

გაერო თანხას ფოთის მოსახლეობის პრობლემათა გათვალისწინებით გამოყოფს



ფოთში არსებული პრობლემების განსაზღვრის მიზნით, გაეროს სამეგრელოს ბიუროს წარმომადგენლებმა, მერიის ორგანიზებით შეხვედრა გამართეს.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვედრას მერიის ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტებისა და სხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული 50-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათ ქალაქის პრობლემად საბავშვო ბაღების, ხელოვნებისა და სპორტული სკოლების რემონტი, გამწვანებითი სამუშაოები და ქარსაცავი ზოლის მოწყობა დაასახელეს. გაეროს წარმომადგენლებმაც ფოთისთვის პრიორიტეტულ საკითხებად შენობების სარემონტო სამუშაოები მოინიშნეს.

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ფოთისთვის 200 ათასმდე დოლარის გამოყოფა იგეგმება.გაეროს სამეგრელოს ბიუროს წარმომადგენლის, ცირა კაკუბავას განმარტებით, თანხა მოსახლეობის ინტერესების გათვალიწინებით უნდა დაიხარჯოს, პრობლემების გასაცნობად კი, მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდეს.

ზემოაღნიშნული თანხების გამოყოფის შემთხვევაში ეს იქნება მეორე პროექტი, რომელსაც გაერო ფოთში განახორციელებს. პირველ შემთხვევაში, გaერომ „ადამიანურ უსაფრთხოებისა და ცოციალური ინტეგრაციის“ პროექტის ფარგლებში, ფოთისთვის 300ათასი დოლარი გამოყო. აღნიშნული თანხით, ადგილობრივი ბიუჯეტის 10 %-იანი თანადაფინანსებით მალთაყვის უბანში №13 საბავშვო ბაღი გარემონტდება. დაგეგმილია ნინოშვილის უბანში არსებულ პროფესიულ კოლეჯში საკონსულტაციო-საგანმანათლებლო ბიზნესცენტრის შექმნა და აღნიშნული კოლეჯისთვის ტექნიკის შეძენა.
იზა სალაყაია

No comments:

Post a Comment