
ფოთელი ნუგზარ ტყებუჩავა სამართალდამცავებისაგან ჩამორთმეული ავტომანქანის დაბრუნებას ითხოვს.ტყებუჩავა ადვოკატი და ამავდროულად „სახალხო კრების“ ფოთის ორგანიზაციის წევრია. მას საპატრულო პოლიციამ კუთვნილი ავტომანქანა 21 მაისს, დილით ჩამოართვა.
„ქალაქის შემოსასვლელში გამაჩერა საპატრულო პოლიციამ, საბუთები მომთხოვა. მითხრეს, მანქანის დაკავებაზე სააღსრულებო ბიუროდან გვაქვს მითითებაო“- აცხადებს ტყებუჩავა. მისი თქმით, მას ბანკის ან სხვა ორგანიზაციის დავალიანება არ ჰქონია. მისივე თქმით, დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც კი, აღმასრულებლის მიერ გაფრთხილებული უნდა ყოფილიყო და გადაუხდელობის შემთხვევაში, სასამართლოს გზით უნდა მომხდარიყო ქონების დაყადაღება, ხოლო შემდგომ ჩამორთმევა-გაყიდვა. ამის შესახებ მან პატრულსაც განუმარტა, თუმცა პოლიციამ კომპიუტერში უჩვენა, რომ მანქანა ძებნაში იყო.
-„აღმასრულებელი ვერ გამოაცხადებდა ძებნას, გაუგებარია რატომ იყო ჩემი მანქანა ძებნაში და რა მიზნები ამოძრავებდათ?“- აცხადებს ტყებუჩავა. მისი თქმით, მანქანის საჯარიმოზე გადასაყვანად პატრულმა ევაკუატორი გამოიძახა. ტყებუჩავს განცახდებით, პატრულს მანქანის ჩამორთმევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი მისთვის არ წარუდგენია. ოქმი მხოლოდ მანქანის მდგომარეობის აღწერის შესახებ დაიწერა, რაზეც ტყებუჩავამ ხელი მოაწერა. მას შემდეგ ავტომანქანა საჯარიმოზე დგას.
ადვოკატი საკუთარი ქონების დაბრუნების მიზნით საპატრულო პოლიციის უფროსს, ზურაბ კუკავას შეხვდა. ტყებუჩავს თქმით, კუკავამ განუმარტა, რომ მანქანის დაბრუნება მასზე არაა დამოკიდებული. -„დავალიანების არარსებობის შემთხვევაში, საჯარიმოზე დგომის კანონით გათვალისწინებულ თანხას არ დაგაკისრებთო. მომცა ტელეფონის ნომერი, თუმცა სახელი და გვარი არ მიუთითებია. მხოლოდ ის მითხრა აღმასრულებელია და მასთან გაარკვიეო. თუმცა, ნომერი ქსელიდან გათიშულია,“-აცხადებს ტყებუჩავა.
ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს, ზურაბ კუკავას ტელეფონით დავუკავშირდით. კითხვაზე, რა შემთხვევაში ჯარიმდება მძღოლი და მისი მანქანა საჯარიმოზე გადადის , გვიპასუხა: „ კოდექსში ჩაიხედეთო,“ - და ტელეფონი გათიშა, რის შემდეგაც ამაოდ ვცდილობდით დაკავშირებას.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელის, თეიმურაზ ხარძიანის განცხადებით, ნუგზარ ტყებუჩავას საქმე წარმოებაში არაა და მასზე აღსრულების ღონისძიებები ვერ გატარდებოდა.
ნუგზარ ტყებუჩავა მიიჩნევს, რომ მანქანის ჩამორთმევით, მისი კონსტიტუციური უფლება დაირღვა:-„მომისპეს გადააგილების უფლება, ჩამომართვეს ქონება, რომლის ჩამორთმევის უფლება სასამართლოს გარდა არავის აქვს“. მისი თქმით, საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს და თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვით კვალიფიცირდება.
ცნობისათვის: პატრულმა, იმავე დღეს, საჯარიმო სადგომზე “სახალხო კრების“ ფოთის ორგანიზაციის ლიდერების: სევერიან შენგელიასა და გოჩა დოლბაიას მანქანებიც იგივე მიზეზით გადაიყვანა. თუმცა, დავალიანებებს ეს უკანასკნელნიც უარყოფენ.
იზა სალაყაია
No comments:
Post a Comment