Friday, May 20, 2011

მესტიაში ძროხების გადაადგილება იკრძალება



დაბა მესტიის ისტორიული უბნების ტურისტულ ზონად გამოცხადების გამო, მესტიის ცენტრალურ ქუჩებში ძროხების გადადგილება იკრძალება. ამის შესახებ „თავისუფალ სოტყვას“ შპს „მესტიის კომუნალური მეურნეობის“ უფროსმა ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, მესტიის ცენტრში მცხოვრებ დაახლოებით 25 ოჯახს, ძროხების ქუჩაში, თავისუფლად გაშვება ეკრძალებათ.

„ხალხს თავიდან ეგონა, რომ საქონლის ყოლას ვუკრძალავდით, რასაც მათი მხრიდან უკმაყოფილება მოყვა; თუმცა მერე გაიგეს, რომ ცენტრალურ ქუჩებში არ უნდა გამოეყვანათ საქონელი და ამას გაგებით მოეკიდნენ. მოსახლეობა ჯერ-ჯერობით მხოლოდ გავაფრთხილეთ და არავინ დაგვიჯარიმებია, რადგან მესტიის საკრებულოში შესაბამისი დადგენილება ჯერ არ მიუღიათ და ამიტომ არც ჯარიმის ტარიფებია განსაზღვრული“ - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ამჟამად, მესტიის ცენტრალურ უბნებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯაფარიძის თქმით, რაკი ცენტრი სამშენებლო ნაგავით ისედაც დაბინძურებულია, სამუშაობის დასრულებამდე რაიმე ღონისძიებებს არ მიმართავენ.
მესტიის ტურისტულ ზონაში სამშნებლო სამუშაოები სავარაუდოდ შემოდგომისთვის დასრულდება.



ლონდა ხორგუანი

No comments:

Post a Comment