შპს ფოთის N1 პოლიკლინიკის შესაძლო გაყიდვის შესახებ, ინფორმაცია პოლიკლინიკის დირექტორმა, გიორგი ურუშაძემ დაადასტურა. მისი თქმით, თვის დასაწყისში ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და ლტოლვილთა სამინისტროების წარმომადგენლებმა, პოლიკლინიკა დაათვალიერეს და შესაძლო გაყიდვაზეც ისაუბრეს. პოლიკლინიკის კოლექტივს პირდაპირი მიყიდვის წესით ობიექტის შენარჩუნებას სურს.
„ბოლო დროს, ყველა სამედიცინო ობიექტი, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვის წესით, ნულოვან აუქციონზე ან სიმბოლურ ფასად გაიყიდა. პოლიკლინიკა მოგებაზე მუშაობს. მყიდველს ინვესტირება არ მოუწევს. აქ მხოლოდ მართვის უფლებას თუ გაყიდიან. რატომ უნდა ჩაიგდოს ვიღაცამ ხელში? არ გვინდა სიმბოლურ ფასად, იყოს საბაზრო ფასი, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით მოგვყიდონ“ - განაცხადა „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბრისას გიორგი ურუშაძემ და დასძინა, რომ მის პოზიციას პოლიკლინიკის კოლექტივი სრულად იზიარებს.
„ფოთის N1 პოლიკლინიკა რეგიონის მსგავსი ტიპის დაწესებულებებში ერთ-ერთი საუკეთესოა. შენობა გარემონტებულია და 15-მდე კაბინეტი საჭირო აპარატურითაა აღჭურვილი. გასულ წელს, პოლიკლინიკის 74 თანამშრომელი 25 000-მდე პაციენტს მოემსახურა. ფოთში მოქმედ ამბულატორიულ დაწესებულებათა შორის, აქ ყველაზე მაღალი ხელფასია, რადგან დაწესებულება დატვირთვით, მოგებაზე მუშაობს და დავალიანებაც არ ერიცხება“ - აღნიშნა ურუშაძემ.
გიორგი ურუშაძის თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებმა ფოთში ყოფნისას შესთავაზეს ეკონომიკის სამინისტროს პოლიკლინიკის გაყიდვის თხოვნით მიმართონ, რის შემდეგაც სამინისტრო ობიექტს ღია აუქციონზე გაიტანს.
„ლაპარაკია პოლიკლინიკის, როგორც სამედიცინო ობიექტის პრივატიზებაზე, რომელსაც პროფილი მინიმუმ 7 წელი შეუნარჩუნდება. მართალია ღია აუქციონზე საშუალება გვეძლევა პოლიკლინიკა კოლექტივმა შევიძინოთ, მაგრამ ასეთ აუქციონებზე მიდის ფასებით თამაში და ვაჭრობა. ჩვენ კი სავაჭრო თანხა არა გვაქვს“ - განმარტა ურუშაძემ.
„ სამინისტროების წარმომადგენლებმა სამედიცინო ობიექტები გურიასა და სამეგრელოში დაათვალიერეს. რაც შეეხება ფოთის პოლიკლინიკის გაყიდვას, ამ ინფორმაციას ჯერ ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ“- ამბობს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ფოთის სამმართველოს უფროსი გოჩა კანკავა.
ამ დროისთვის, ფოთის N1 პოლიკლინიკის საწყისი ფასი დადგენილი არ არის. პრივატიზების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მის ფასს დამოუკიდებელი აუდიტი განსაზღვრავს.
ნინო თუნთია
No comments:
Post a Comment