

21 მაისის ოპოზიციის აქციამდე ერთი დღით ადრე, „თავისუფალი სიტყვა“ სპეციალური რეპორტაჟის მოსამზადებლად „სახალხო კრების“ ფოთის ორგანიზაციის ოფისში მივიდა. ოფისში დაახლოებით 2 საათი ვიყავი და „სახალხო კრების“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს სევერიან შენგელიას, მუშაობის პროცესში ვესაუბრე.
სევერიან შენგელია წლების წინ ფოთის ხელისუფლებაში, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი იყო. იგი ფიგურირებდა ფოთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის დავით შურღაიას სახელზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში, რაც სამსახურის მიერ შურღაიაზე თანხის უკანონოდ გადარიცხვას ეხებოდა. სასამართლომ შურღაიას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, შენგელიას კი თანამდებობა დაატოვებინეს.
„როგორი ბიჭია ზაზა? რამდენიმე პიროვნება, რომ ჩავაბარო შეძლებს უხელმძღვანელოს?“ - ეკითხება თანაგუნდელებს „სახალხო კრების“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე სევერიან შენგელია.
„თავისუფალ სიტყვას“ ბოდიშს უხდის და დირექტივების გაცემას აგრძელებს. რწმუნდება, რომ 21 მაისს დაგეგმილ აქციაზე წასასვლელად ტრანსპორტში ადგილი თეორიულად ყველა მხარდამჭერს მიუჩინა და აქციის მიზნებსა და გეგმებზე საუბარსაც იწყებს.
თუმცა მანამდე ჯგუფის კოორდინატორად ვინმე ზაზას დანიშვნაზე საუბრობს, რომელსაც აღმოჩნდა, რომ უნარები არა აქვს და ათ კაცს ვერ ჩააბარებენ „კოორდინატორმა ჯგუფის წევრებს მობილიზება უნდა გაუკეთოს, რომ თავის გემოზე იქეთ-აქეთ არ იარონ. არ დავიფანტოთ, ეს და სხვა საორგანიზაციო საკითხები უნდა მოაგვაროს“
„მიზანი-ხელისუფლების შეცვლაა, ეს პრაქტიკულად მთელ საქართველომ იცის“- განმარტებას აკეთებს შენგელია. რა მოთხოვნებს დააყენებენ აქციაზე ლიდერები როგორც თავად ამბობს, არც მან იცის. ასევე არაფერი იცის კრების სამოქმედო გეგმის შესახებ. „ერთადერთი ვიცი, ხელისუფლებას წასვლა, რომ ვაიძულოთ საჭიროა ბევრი მოქალაქეე“-ამბობს და თბილისში გასამგაზავრებელ აქტივისტთა სიას უყურებს.
-„300 მოტივირებული ადამინი უკვე გვყავს“
-რა არის მათი მოტივაცია? რას ნიშნავს მოტივირებული?
- მე, მოტივირებულს ვეძახი ადამიანს,ვინც თვლის, რომ ეს ხელისუფლება არის წასავლელი და გასაშვები. ვისაც არა აქვს ქვე მოთხოვნები, რითი მივდივართ, როგორი კვება იქნება და ა.შ?
- და რატომაა ეს დასაძრახი თუ ადამინი მგზავრობის, უსაფრთხოების ან თუნდაც კვების პირობებით დაინტერესდა?
-მათი გადადგილება მოხდება მიკროავტობუსებით, მსუბუქი მანქანებით, საწვავით ჩვენ ვუზრუნველყოფთ. კვების ხარჯებიც გათვალისწინებულია
-ერთერთმა აქტივისტმა გვითხრა, რომ შესაძლოა „ჯიბის ფულიც“ მოგვცენო
- აქ ლაპარაკი არაა თანხის გადახდით ხალხის წაყვანაზე. მხედველობაშია კვებისთვის საჭირო თანხა. ჯერ გადაწყვეტილი არაა ჯგუფის კორდინატორს მისცემენ და ის უზრუნველყოფს საკვებით, ყველანი ერთად წაიხემსებენ თუ როგორ იქნება. თბილისში ვნახავთ.
როგორც „სახალხო კრების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი, სევერიან შენგელია ამბობს, აქციაზე წამსვლელთა უმრავლესობა უმუშევარია, თუმცა მისი თქმით, აქციას ფოთის ნავსადგურის მუშაკებიც შეურთდებიან.
„მთავარია ადამიანებმა დაძლიეს შიში და ახლა შეუძლიათ თავიანთი პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირონ“- განმარტავს შენგელია და აქტივისტებზე მიგვანიშნებს.
მეორე ოთახში ათამდე ახალგაზრდა კარტსა და შაშს თამაშობს. „თავისუფალ სიტყვასთან“ საუბარი არცერთ მათგანს არ სურდა და ფოტოაპარატის დანახვისას ოთახის დატოვება დაიწყეს. 18-25 წლის ახალგაზრდები კადრში მოხვედრას მოერიდნენ და ვინაობის გამხელისგანაც თავი შეიკავეს. თუმცა, ხელმძღვანელის მითითების შემდეგ, ანონიმურობის დაცვით საუბარი დაიწყეს.
- „აქციაზე მივდივარ იმიტომ, რომ იქნებ დედაჩემი თურქეთიდან ჩამოვიდეს“
- „რვა სულიან ოჯახში, მხოლოდ ერთი წევრი რომ მუშაობს მოგინდება ხელისუფლების შეცვლა და წახვალ აქციაზე აბა რა იქნება?“
- „21წლის ვარ, სკოლა დავამთავრე თუ არა 2008 წელს აგვისტოში, სენაკის სამხედრო ბაზაზე წამიყვანეს. ძმაკაცების სიკვდილს მაყურებინეს. მერე სწავლის გასაგრძელებლად არც საშუალება მქონდა და არც ნერვები.
აქციაზე წასვლის სხვადასხვა მიზეზები ასე განმარტეს ახალგაზრდებმა. სევერიან შენგელიამ კი თქვა, რომ „ხელისუფლება „მონსტრის“ მდგომარეობაშია და მასზე განაწყენებული თვითონ კი არა, ახლა მთელი საქართველოა.
იზა სალაყაია
No comments:
Post a Comment