ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, აჭარის რეგიონიდან „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში მონაწილე აქტივისტების ბედი. წუხელ, პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევის შემდეგ მათ უმრავლესობასთან დაკავშირება შეუძლებელია. ლიდერთა უმრავლესობა დაკავებულია და მათი ადგილსამყოფელის დადგენა შეუძლებელია. “თავისუფალი სიტყვა” დაუკავშირდა აქციის ერთერთ მონაწილეს, „სახალხო კრების“ აქტივისტს, ქობულეთელ ლეილა სარჯველაძეს:
-„დარბევის დაწყებამდე ალყაში მოვექეცით კორიდორი არ გაუკეთებიათ. მე და ჩემი თანმხლები გოგონები რეზინის ტყვიების წვიმაში მოვექეცით. ხალხის ნაკადმა ქაშუეთისაკენ გაგვიტაცა, მაგრამ თავის შეფარება ვერ შევძელით, რადგან კარები ჩაკეტილი დაგხვდა. სპეცრაზმელები ირგვლივ მყოფებს უსასტიკესად სცემდნენ. უამრავი დასისხლიანებული და ნაცემი ადამიანი იყო ჩემს ირგვლივ. ამ დროს გაზი გაუშვეს და ეგრევე ჩავიკეცე. ზოგმა ალექსანდროვის ბაღისაკენ მოახერხა გაღწევა. სპეცრაზმელები იქამდეც კი მისდევდნენ.
შვილის დახმარებით, მოგვიანებით, ბაღში გადამიყვანეს, რის შემდეგაც საპატრიარქოს დავუკავშირდით ტელეფონით და მათგან ეკლესიაში თავის შეფარების თანხმობა მივიღეთ. დილამდე იქ ვიყავით დამალულები. ჩვენს შორის უამრავი სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა იყო. ზოგიერთი მათგანი მდგომარეობა უმძიმესი იყო და სასწრაფო დახმარებას საჭიროებდა. ექიმები ჩუმად მოიყვანეს და ისე შეუჩერეს სისხლდენები.
ის ადამიანები, ვინც ჩემს ერთად იყვნენ ამ წუთებში არ ვიცი სად იმყოფებიან. ტელეფონები გამორთული აქვთ და მათთან დაკავშირებას ვერ ვახერხებ. ვიცი, რომ ბევრი მათგანი დაკავებულია.
ნინო ბურჯანაძე ბოლომდე გვეუბნებოდა ხელები აგვეწია მაღლა ნიშნად იმისა, რომ შეიარაღებული არ ვიყავით. დღეს კი რუსთავი 2-ზე სულ სხვა კადრები აჩვენეს სადაც სულ სხვა ტანსაცმელი ეცვა. ახლა ახლობლებთან ვარ და არ ვიცი ამ ყველაფრის შემდეგ რა გველის“.
ზურა ბაუჟაძე
No comments:
Post a Comment